ევროვიზიის სიმღერის კონკურსი, რომელიც წელს ლივერპულში იმართება, უკვე მოახლოვდა. მარტის დადგომა იმას ნიშნავს, რომ სიმღერების შერჩევის პროცესი დასასრულს უახლოვდება. წინა კვირა საკმაოდ დატვირთული იყო, როგორც ნაციონალური ფინალებით, ისე სიმღერებით, რომლებიც შიდა შერჩევის შედეგად შერჩეულმა არტისტებმა გამოუშვეს.
- 🇳🇱 მარტის პირველ დღეს, ნიდერლანდების წარმომადგენლებმა გამოუშვეს საკუთარი სიმღერა „Burning Daylight”. ნიდერლანდებს წელს შიდა შერჩევის შედეგად არჩეული დუეტი მილონ ნიკოლაი და დიონ კუპერი წარადგნენ. მიუხედავად იმისა, რომ ორივე არტისტი ბავშვობიდანვე იყო მუსიკით დაინტერესებული, დიდი პოპულარობით არცერთი არ სარგებლობს. მილონისა და დიონის კარიერა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდებოდა, მაგრამ ნიდერლანდების წარდგენა ევროვიზიაზე მათ ერთად გადაწყვიტეს. სიმღერა „Burning Daylight“-ის შექმნაში მონაწილეობა დუნკან ლორენსმაც მიიღო, 2019 წლის ევროვიზიის გამარჯვებულმა. დუეტი მაყურებლების წინაშე 9 მაისს პირველ ნახევარ ფინალში წარდგება.
- 🇨🇾 კვიპროსი კიდევ ერთი ქვეყანაა, რომელმაც საკუთარი წარმომადგენელი შიდა შერჩევის გზით შეარჩია. ენდრიუ ლამბროუ ბერძნულ-კვიპროსული წარმოშობის ავსტრალიაში დაბადებული მომღერალია, რომელიც 2022 წელს ავსტრალიის ნაციონალურ კონკურსში იღებდა მონაწილეობას მიუხედავად იმისა, რომ არტისტი ნაციონალურ კონკურსში მხოლოდ და მხოლოდ მეშვიდე ადგილზე გავიდა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ 2023 წელს ენდრიუ კვიპროსის წარმომადგენლად აერჩიათ. ენდრიუ ლამროუს სიმღერა სახელით „Break a Broken Heart“ 2 მარტს გამოვიდა. როგორც მომღერალი აცხადებს ეს არის სიმღერა იმ განშორებების შესახებ, რომლებიც გულგატეხილს გტოვებს, მაგრამ ასევე გაძლევს საშუალებას, რომ ფერფლიდან უფრო ძლიერი აღდგე. კვიპროსი 11 მაისს მეორე ნახევარ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
- 🇩🇪 ნიდერლანდებისა და კვიპროსისგან განსხვავებით გერმანიამ საკუთარი წარმომადგენლის შესარჩევად ნაციონალური კონკურსი გამოიყენა, რომელიც ბენდმა Lord of the Lost-მა მოიგო. 2007 წელს ჰამბურგში დაარსებული ბენდი გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთაც საკმაოდ პოპულარულია. მიუხედავად იმისა, რომ მათმა სიმღერამ „Blood & Glitter“ ჟიურის სიმპათია ვერ დაიმსახურა, მათ შეძლეს, რომ ტელემაყურებელთა ხმების სრული უმრავლესობა მოეპოვებინათ, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ბენდი საკუთარ სიმღერას გლამ როკად აფასებს. გერმანიისთვის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარმომადგენლებს შორის ჟანრით გამორჩეული სიმღერა პირდაპირ ფინალში 13 მაისს შესრულდება.
- 🇲🇩 მოლდოვის წლევანდელი წარმომადგენელი ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე პაშა პარფენი გახდა სიმღერით „Soarele si luna“. სიმღერამ მაქსიმალური შესაძლო ქულები მოაგროვა, როგორც ჟიურისგან, ისე ტელემაყურებლებისგან. აღსანიშნავია, რომ პაშასთვის ევროვიზიის გარემო უცხო ნამდვილად არ არის, მას რამდენიმე საევროვიზიო სიმღერა აქვს დაწერილი, მათ შორის ისეთი მონაწილეებისთვის როგორიცაა მოლდოვის სახელით არა ერთხელ მოასპარეზე SunStroke Project. გარდა ამისა, პაშა თავადაც იყო ევროვიზიის მონაწილე 2012 წელს, როდესაც ფინალში მეთერთმეტე ადგილის დაკავება მოახერხა. რამდენად წარმატებული იქნება პაშას წლევანდელი სიმღერა, ამას 9 მაისს პირველი ნახევარ ფინალის დროს გავიგებთ.
- 🇮🇸 ევროვიზიის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყნის, ერთ-ერთი ყველაზე პატარა ნაციონალური კონკურსიც დასრულდა და ისლანდიის წარმომადგენელიც ცნობილი გახდა. დილია პეტურსდოტირმა ან უბრალოდ დილიამ მოახერხა, რომ როგორც ჟიურისგან, ისე ტელემაყურებლებისგან უმაღლესი ქულები დაემსახურებინა, რამაც სიმღერა „Power“ ევროვიზიის სიმღერად აქცია. დილიამ სახელი 2015 წელს ისლანდიის ნიჭიერში მონაწილეობით გაითქვა, 2020 წელს ის საცხოვრებლად კოპენჰაგენში გადავიდა, სადაც მუსიკასა და სწავლას ერთმანეთს უთავსებს. დილია თავის სიმღერას მეორე ნახევარფინალში 11 მაისს შეასრულებს.
- 🇷🇸 ლუკა ივანოვიჩი, რომლის სასცენო სახელიც ლუკ ბლექია, სერბეთის ნაციონალური კონკურსის „Pesma Za Evroviziju“ გამარჯვებული გახდა. 30 წლის შემსრულებელმა 2015 წელსაც სცადა სერბეთის წარდგენა ევროვიზიაზე, მაგრამ წარუმატებლად. სიმღერა, რომლითაც მან ნაციონალური კონკურსის მოგება მოახერხა, ლუკამ 2020 წელს დაწერა პანდემიის დროს. სიმღერის ინსპირაციის წყარო კარანტინი გახდა, რომელმაც ლუკას დისტანცირება გამოიწვია გარე სამყაროსგან: არტისტი მთელი დღეები სახლში იჯდა და დრო ვიდეო თამაშებითა და ანიმეების ყურებით გაჰყავდა. ინსპირაციის წყაროზე მიუთითებს ნაციონალური კონკურსის შესრულებაც, რომელშიც დაკვირვებული მაყურებელი აუცილებლად დაიჭერს პატარ-პატარა მინიშნებებს ცნობილი თამაშებიდან და ანიმეებიდან. აღსანიშნავია, რომ ლუკას სერბეთის ნაციონალურ კონკურსში მონაწილეობის სურვილი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც წინა წელს კონსტრაკტამ, სერბეთის წარმომადგენელმა, სიმღერით „In Corpore Sano“ უდიდეს წარმატებას მიაღწია. ლუკ ბლექი მაყურებლის წინაშე პირველ ნახევარ ფინალში 9 მაისს წარდგება.
შემდეგი კვირა ევროვიზიის მაყურებლებისთვის კიდევ უფრო დატვირთული და საინტერესო იქნება. სწორედ შემდეგი კვირის ბოლოს შეიძლება ვივარაუდოთ, რომ კონკურსში მონაწილე ყველა სიმღერა უკვე ცნობილი იქნება და მათაც სხვა სიმღერების მსგავსად ჩვენს მომავალ სტატიაში გაგაცნობთ.