იდეოლოგიურ, ტერიტორიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ საბრძოლო დაპირისპირებებს, რომლებიც პოლიტიკის ერთგვარ მტკივნეულ გაგრძელებად შეიძლება იქცეს, უდიდესი დარტყმის მიყენება შეუძლია სხვადასხვა რეგიონული, ლოკალური თუ მსოფლიო მასშტაბის ტერიტორიებისთვისა და მათზე მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
„ომი – ეს არის იმ პოლიტიკური კვანძების კბილებით გახსნის საშუალება, რომლებიც ენას აღარ ემორჩილება“ (ემბროუზ ბირსი). ესაა ტრაგედიის აპოთეოზი, რაც ადამიანს უკიდურესი სისასტიკისა და ტკივილის გადალახვას, მიღებას აიძულებს იმ სამყაროში, რომელიც მისივე თვალწინ გაუფერულდა, რადგან გარშემო მხოლოდ სიკვდილი იწყებს არსებობას. სწორედ ამიტომ, „ომში გამარჯვებულები არ არსებობენ, იქ მხოლოდ დამარცხებულები არიან“ (ჰორაციუსი).

თანამედროვე სამყაროში სხვადასხვა მედია საშუალების დამსახურებით, განსხვავებული ისტორიების რეალური, უტყუარი კადრების ასახვის, დოკუმენტაციის ერთ-ერთ მთავარ საშუალებად ფოტოგრაფია იქცა. არაფერი არ ასახავს ომის სისასტიკესა და დაპირისპირებულ მხარეთა მოქმედებების შესახებ ინფორმაციას ისე ზუსტად, როგორც ფოტოსურათები, რადგან ფოტოგრაფია ესაა მედიუმი, რომელიც სინამდვილეს გვიყვება.

ბრძოლის ველზე ფოტოაპარატით „აღჭურვილი“ შახ აივაზოვი აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველი ფოტოკორესპონდენტია, რომელმაც 62 წლის განმავლობაში შვიდი ომის (ჩეჩნეთის, აფხაზეთის, ცხინვალის, დნესტრისპირეთის, ყარაბაღის, ავღანეთის, ტაჯიკეთის) ამსახველი კადრები გადაიღო. მის ობიექტში ასევე თბილისის სამოქალაქო ომი, 9 აპრილი, 26 მაისი, 20 ივნისი და არაერთი სხვა საპროტესტო აქციაც მოხვდა. ტყვიების წვიმაში მომუშავე ფოტოგრაფისთვის, განსაკუთრებული სიფრთხილის მიუხედავად, არსებობს მოსალოდნელი სასიცოცხლო რისკები, რომლებიც, საბრძოლო ფრონტზე, ხელოვანს შიშისა და გამბედაობის ზღვარზე გასვლის გარდაუვალობის წინაპირობას უქმნის. სწორედ საკუთარი სიცოცხლის მუდმივ საფრთხეში არსებობა იქცა შახვალდ აივაზოვისთვის თავისი შემოქმედებისთვის გაცემულ მსხვერპლად.
აზერბაიჯანული ფესვების მქონე ფოტოხელოვანი 1956 წელს საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაიბადა. 1974 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და ორი წელი საბჭოთა არმიაში მსახურობდა. 1977 წელს ფოტორეპორტიორის კარიერა დაიწყო გაზეთ „საქართველოში“. 1983 წელს მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის სწავლა დაასრულა. შემდგომ წლებში იგი საქართველოს სახელმწიფო ტელეგრაფის სააგენტოში ფოტორეპორტიორად მუშაობდა. 1992 წლიდან ფოტოგრაფი ამერიკის Associated Press სააგენტოში მუშაობს როგორც ფოტორეპორტიორი, რომელიც პასუხისმგებელია კავკასიის რეგიონზე.

მიუხედავად იმისა, რომ შახ აივაზოვის მიზანი ისტორიის დოკუმენტირება, რეპორტიორობაა, მისი კომპოზიციები მაღალმხატვრულობით ხასიათდება. ფოტოგრაფს რაკურსების სხვადასხვა კუთხეებით თამაში, მრავალფიგურიანი კომპოზიციებისა და მძაფრი ემოციების, შინაგანი განცდების გამომხატველი პორტრეტების განსაკუთრებული პერსპექტივებით აღბეჭდვა ახასიათებს. მისი ინდივიდუალური, დრამატული ხედვები, განსაკუთრებით, ომის ფოტოგრაფიის შავ-თეთრ სერიებში ჩანს, სადაც ჩეჩნეთის, აფხაზეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სომხეთის შეიარაღებული აგრესიის მიერ დაშავებული მოსახლეობის ამსახველი ფოტოებია აღბეჭდილი.

“ადრე მკითხეს, რატომ არის თქვენი ფოტოები შავ-თეთრიო. ომი ფერადი არ არის. ის ტკივილი და ტანჯვა, რასაც ხალხი განიცდის ფერადი ვერ იქნება. იმ ფირების უმეტესობა, რომელსაც ვიღებდი ფერადია, მაგრამ შავ-თეთრი დავაბეჭდინე”. (შახ აივაზოვი)
