ლივერპულში გასამართი 2023 წლის ევროვიზიის არტისტების შერჩევა დასასრულს უახლოვდება. გასული კვირა დატვირთული აღმოჩნდა, როგორცა ნაციონალური ფინალებით, ისე შიდა შერჩევის შედეგად შერჩეული სიმღერების პრემიერებით. მოდით ვნახოთ შვიდი ახალი სიმღერა რომელიც კონკურსს ამ კვირაში შეემატა.
- 🇸🇪 13 მარტს ორი შესარჩევი კონკურსი დასრულდა. აქედან ერთ-ერთი შვედური “Melodifestivalen” იყო, რომელშიც ევროვიზიის ლეგენდა Loreen-მა გაიმარჯვა სიმღერით “Tattoo”. Loreen-სთვის ევროვიზიის ატმოსფერო უცხო არ არის, რადგან მან კონკურსი 2012 წელს მოიგო სიმღერით “Euphoria”, რომელსაც უმეტესობა ევროვიზიის ისტორიაში საუკეთესო სიმღერად აღიარებს. 39 წლის მუსიკოსი ჟიურისა და მაყურებლის ხმებითაც პირველ ადგილზე გავიდა და მას პირველ ნახევარფინალში ვიხილავთ.
- 🇵🇹 პორტუგალიამაც აარჩია წარმომადგენელი “Festival da Canção”-ს საშუალებით. Mimicat-მა მოიგო კონკურსი სიმღერით “Ai Coração”. მან ჟიურისა და მაყურებლის ხმის მიცემაში მაქსიმალური, ანუ 12 ქულა მიიღო. ეს კონკრეტული სიმღერა მან 10 წლის წინ დაწერა. პორტუგალიის წარმომადგენელს პირველ ნახევარფინალში ვიხილავთ.
- 🇨🇭 7 მარტს შვეიცარიამ სიმღერა “Watergun” წარადგინა, რომელსაც ლივერპულში Remo Forrer-ი შეასრულებს. ეს არტისტი მაუწყებელმა თავისით შეარჩია. Remo შვეიცარიული ახალი ხმის მესამე სეზონის გამარჯვებულია და ასევე იღებდა მონაწილეობას გერმანულ პროექტში “მე ვხედავ შენს ხმას”. რემო ფორერი მაყურებლის წინაშე პირველ ნახევარფინალში წარდგება.
- 🇦🇹 ავსტრიულმა დუეტმა Teya & Salena-მაც გამოუშვა თავისი საკონკურსო სიმღერა “Who the hell is Edgar?”. ეს კომედიური სიმღერა ცნობილ მწერალ ედგარ ალან პოზეა. “ეს სატირაა” მსგავს კომენტარს აკეთებენ მომღერლები და მათივე თქმით ისინი სიმღერის დაწერის მხიარულ ასპექტზე მღერიან. აღსანიშნავია, რომ სიმღერით ისინი ასევე ცდილობენ თანამედროვე მუსიკალური ინდუსტრიის გაკრიტიკებას. “Who the hell is Edgar?” ამ დუეტის პირველი სიმღერაა ერთად და ისინი მაყურებლის წინაშე მეორე ნახევარფინალში წარდგებიან.
- 🇮🇱 დასავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტი ნოა კირელი წელს ისრაელს წარადგენს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე. მას თითქმის მილიონი მსმენელი ჰყავს spotify-ზე და მილიონზე მეტი გამომწერი ინსტაგრამზე. შიდა შესარჩევის შედეგად, 10 აგვისტოს კირელმა თქვა, რომ ისრაელს წარადგენდა კონკურსზე და 8 მარტს თავისი საკონკურსო კომპოზიცია წარუდგინა მსოფლიოს. “Unicorn” სიმღერაა ძლიერ ქალებზე, რომელმაც უკვე რამდენიმე დღეში 5 მილიონამდე ნახვა მოაგროვა. ისრაელის წარმომადგენელი თავის სიმღერას პირველ ნახევარფინალში 9 მაისს შეასრულებს.
- 🇬🇧 წელს ევროვიზიის მასპინძელ ქვეყანას, დიდ ბრიტანეთს, მეი მიულერი წარადგენს სიმღერით “I wrote a song”. მან კარიერა 2018 წელს დაიწყო და მას შემდეგ არაერთხელ მიუღწევია წარმატებისთვის. აღსანიშნავია, რომ მისმა სიმღერამ “Better days” მილიარდი მოსმენა დაიმსახურა ჯამში ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროვიზიის დიდ ბრიტანელ ფანებს მომღერალი რინა სავაიამა ან Birdy უნდოდათ საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლად, მაუწყებლის მიერ შერჩეულ ამ საცეკვაო სიმღერას უკმაყოფილო უმეტესობა არ დაუტოვებია. როგორც დიდი ხუთეულის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის წარმომადგენელი მეი პირდაპირ ფინალში, 13 მაისს შეასრულებს საკუთარ სიმღერას.
- 🇬🇷 ამ კვირის ბოლო შიდა შერჩევით არჩეული სიმღერა და კონკურსანტი საბერძნეთის წარმომადგენელია. ვიქტორ ვერნიკოსი სიმღერით “What they say” წელს საბერძნეთის ხმა იქნება ევროვიზიაზე. მაგრამ შიდა შესარჩევმა კონკურსმა სკანდალის გარეშე საბერძნეთშიც ვერ ჩაიარა. სამი სიმღერიდან, რომელიც მაუწყებელმა აირჩია, ჟიურისა და 100 მაყურებელს უნდა მიეცა ხმა საუკეთესოსათვის. ხმათა უცნაური სხვადასხვაობის შედეგად მელისა მანძუკისმა გადაწყვიტა ეჩივლა ბერძნული მაუწყებლისთვის და მოეთხოვა პასუხი, თუ რა მიზეზით გადანაწილდა ხმები ასე უცნაურად. ბევრი სასამართლო მოსმენების შემდეგ, მანძუკისმა ქეისი მოიგო და ბერძნულ მაუწყებელს კონკურსის შემდეგ, მაისის შუა რიცხვებში მოუწევს მოიფიქროს, როგორ აუნაზღაურებს დანაკარგს. 16 წლის ვიქტორი კი მაყურებლის წინაშე მეორე ნახევარფინალში წარდგება.
ევროვიზია 2023-ის ოცდაჩვიდმეტივე არტისტი ცნობილია. სიმღერა კი, სულ სამია დარჩენილი: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი. აზერბაიჯანის სიმღერას 13 მარტს მოვისმენთ, სომხეთის სიმღერას კი 15 მარტს. ცნობილია საქართველოს წარმომადგენლის სიმღერის გამოსვლის თარიღიც: ირუ ხეჩანოვის სიმღერა 16 მარტს გამოვა. ინფორმაციის სამივე სიმღერის შესახებ მათი გამოსვლისთანავე მოგაწვდით.