ბერნიცია აბოტი 1898 დაიბადა სპრინგფილდში, ოჰაიოში. ადრეული ასაკიდან ბერნიციას მტკიცე ხასიათი გამოარჩევდა თანატოლებისაგან. მიზნები, რომელსაც იგი ადრეული ასაკიდან ისახავდა, თანხვედრაში არ მოდიოდა ტრადიციული ოჯახის ღირებულებებთან. ოჯახისა და ბავშვების ყოლა არასდროს წარმოადგენდა მის თვითმიზანს. იგი სრულიად განსხვავებულ ცხოვრების გზას გაჰყვა და ამგვარად ადრეულ ასაკში დასახულ მიზნებსაც მიაღწია. მომავალმა ფოტოგრაფმა სწავლა 1918 წელს დაიწყო ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა ამავე წელს დატოვა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი და ახალი თავგადასავლებისათვის ნიუ-იორკს მიაშურა. მის ბიოგრაფიაში გადამწყვეტ როლს მსოფლიოს ორი უდიდესი ქალაქი ასრულებს. ერთ-ერთი მათგანი სწორედ ნიუ-იორკია. უზარმაზარი ქალაქი მის ინტერესებს ფართო ასპარეზს უხსნის. შრომას მოწყურებული ახალგაზრდა იცვლის ინტერესის სფეროებს, ვითარდება და იქმნის ფართო სანაცნობო წრეს. ცნობილია, რომ აბოტის სოციალური წრე მეტად ბოჰემურიც კი ყოფილა, ვინაიდან ამ წრეში შედიოდნენ მწერლები ევგენი ო’ნილი და ჯუნა ბარნსი, მხატვრები მენ რეი და მარსელ დიუშანი. რომ არა აბოტის მეამბოხე ხასიათი და მუდმივი დაუცხრომელი სურვილი სიახლისა ეს შეიძლება ყოფილიყო მისი კარიერის მწვერვალი, თუმცა იგი არ წყვეტდა განვითარებას, სწორედ ამან უბიძგა 1921 წელს დაეტოვებინა ნიუ-იორკი და პარიზისათვის მიეშურებინა.

აქ კი შეიძლება ითქვას აბოტი სწორ დროს სწორ ადგილას მოხვდა, ვინაიდან დამანგრეველი პირველი მსოფლიო ომის შემდგომ იმდროინდელი სამყაროს მთელი კულტურული შემოქმედება პარიზმა დაიტია. ახალგაზრდა ქალი ქალაქს სწორედ 1920-იანი წლებში სტუმრობს. შემოქმედებითი ცხოვრება მას ისე როგორც ყველა ხელოვანს ფართო გასაქანს აძლევს და მრავალ კარსაც უხსნის. ორ წელზე მეტი აბოტი მოქანდაკის პროფესიას ეუფლებოდა. როგორც შემდგომში თვითონ იხსენებდა არაფერს მოუხდენია ისეთი ძლიერი გავლენა მასზე, როგორც ხელოვანსა და უბრალოდ ადამიანზე როგორიც ამ ორმა უზარმაზარმა ქალაქმა მოახდინა. პარიზში ბერნიცია მენ რეის შეხვდა.
რეი მისი ძველი მეგობარი იყო ნიუ-იორკიდან, თუმცა შეიძლება ითქვას რეიმ იმაზე დიდი როლი ითამაშა აბოტის ცხოვრებაში ვიდრე ამას უბრალოდ მეგობრები აკეთებენ ხოლმე, ვინაიდან სწორედ მან გააცნო ბერნიციას ის პროფესია, რომლითაც იგი მსოფლიო კულტურის სრულფასოვან წევრად იქცა. მენ რეის გამოუცდელი ასისტენტი სჭირდებოდა, აბოტი კი ახალი შესაძლებლობებისთვის მუდმივად ღია იყო.

1923 წელს მუშაობას იწყებს ცნობილი ფოტოგრაფის მენ რეის ასისტენტად და მალევე მისივე დაჟინებული თხოვნით თვითონაც სცადა ბედი ფოტოგრაფიაში. ბოტის შემოქმედება უნიკალური მაშინაც და ახლაც თავისებური მახასიათებლების გამო იყო. ბერნიციას უნიკალურობა როგორც სოციალური რეალიზმის წარმომადგენლისა მდგომარეობა იმაში, რომ მისთვის უცხო იყო პოზირება, სუბიექტები, რომელსაც ის ობიექტივში იჭერდა მოძრაობდნენ, ცოცხლობდნენ და აბოტთან ერთად ისტორიას ქმნიდნენ. შესაბამისად, მის ნაშრომებს გასდევს მტკიცე ინდივიდუალიზმი. მისი შემოქმედება შორსაა ბანალურობისაგან.

ბერნიცია აბოტი ყოველთვის კარგად იაზრებდა რა შეეძლო ფოტოგრაფიას, მაგრამ საეჭვოა რამდენად აღიქვამდა იმ ძალას, რომელსაც მისი ნაშრომები ატარებდნენ. ვინაიდან, მან შეცვალა ხედვა ფოტოგრაფიისა, გახდა მაგალითი იმისა, რომ ოცნებისთვის ღირს შრომა და რისკზე წასვლა.
აბოტი გახდა ამერიკელი ფოტოგრაფი, რომელიც ცენტრალური ფიგურა და მნიშვნელოვანი ხიდი გახდა პარიზისა და ნიუ-იორკის ფოტოგრაფიულ წრეებსა და კულტურულ კერებს შორის. ეს ორი ქალაქი მუდმივად ხდება შემოქმედების ინსპირირების წყარო, თუმცა ის, რისი დანახვაც აბოტმა მათში შეძლო მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ რომ აღიქვან.
შეუძლებელია ვისაუბროთ მის მიღწევებზე ისე, რომ და არ ვახსენოთ მისი ღვაწლი როგორც Eugène Atget-ის ფოტო არქივის კოლექციონერისა და მცველისა. აბოტმა შეასრულა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა ამ ადრეული თანამედროვე ფოტოგრაფის მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. იგი დაუღალავად ხელს უწყობდა მის საქმიანობას ორმოც წელზე მეტი ხნის განმავლობაში. სწორედ აბოტის ძალისხმევის დამსახურებაა, რომ დოკუმენტური ფოტოგრაფიის ეს ბრწყინვალე წარმომადგენელი დღესაც არის ცნობილი.

აბოტმა თავისი ცხოვრების ბოლო ათწლეული გაატარა მაინში საკუთარ მშვიდ ქალაქში, ნიუ-იორკის ქაოსისაგან დაღლილმა, სადაც ორმოცდაცამეტი წლის ასაკში გარდაიცვალა.