შუა საუკუნეები მოვლენებით დატვირთული პერიოდია. მთელს ევროპაში ქრისტიანული რელიგიის გავრცელებამ ცვლილებები გამოიწვია ყველა სფეროში. როგორც პოლიტიკურ წესწყობილებაში, ისე კულტურაში. ამ ეპოქამ ახალი იდეები მოიტანა, რომელიც დაფუძნებული იყო რწმენაზე, სულიერებაზე, ღვთის ნების ასრულებაზე. ხელოვნებაშიც მთავარი გახდა სიმბოლოები და ალეგორიები, უკანა პლანზე გადაიწია ანტიკური ხანისთვის დამახასიათებელმა ინდივიდუალიზმმა.
ათ საუკუნოვან პერიოდს ძირითადად სამ ნაწილად ყოფენ. ადრე ქრისტიანული ხანა მოიცავს V – XI საუკუნეებს. ამ პერიოდის ოსტატების და ხელოვანების სახელები უცნობია, რადგან ვინაობაზე მნიშვნელოვანი მათი რელიგიისთვისა და ეკლესიისთვის შესრულებული სამუშაოებია. ხელოვნება – კედლის მხატვრობა, ქანდაკება, გამოყენებითი ხელოვნება და, რა თქმა უნდა, არქიტექტურა ეკლესიის დაკვეთით, მისი დაკანონებული წესებით იქმნება.
XI – XII საუკუნეში მკვიდრდება რომანული ეპოქა. რომელმაც სახელი შეცდომით რომაულ ხელოვნებასთან მიმსგავსების გამო მიიღო. თუმცა კვლევებმა ცხადყო, რომ ის სრულიად განსხვავებული პერიოდია. ამ ეპოქის არქიტექტურა გამოირჩევა დიდი, მონუმენტური და მკაცრი მონასტრების მშენებლობით. ტაძრებს იცავს გალავანი და მის შიგნით შეხვდებით კოშკებს, სათავსოებს, ბერების საცხოვრებლებს. რომანული ხანის მონასტრები თითქოს დამოუკიდებლად არსებული პატარა ქალაქებია. აქ შექმნილი სამონასტრო ორდერები (მაგ. ფრანცისკელთა, დომინიკელთა, ბენედიქტელთა და სხვ.) უმდიდრესი და ძალიან გავლენიანი სტრუქტურები იყო.
სრულიად იცვლება ვითარება XII – XIII საუკუნეში. ამ პერიოდში ეკლესიას აქვს არნახული ძალაუფლება. მისი გავლენა ჩანს ყველგან და ყველაფერში. ამას დაემატა ქალაქის როლის გაძლიერება. თუ ამდენ ხანს ევროპის ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ადგილი სოფლებსა და ფეოდალურ ციხე სიმაგრეებს ეჭირა და მონასტრები ცალკე, მოშორებით იგებოდა, გოთურ ეპოქაში ყველაფერი შეიცვალა. ქალაქის ცენტრში დგას ეკლესია, ყველაზე ამაღლებული, ყველაზე გრანდიოზული, როგორც გარეგნულად ასევე შინაარსითაც და მის გარშემო იქმნება ქალაქი. ამ პერიოდში ძლიერდება ვაჭრობა, ხელოსნობა, საქალაქო თვითმართველობა, არსდება სასწავლებლები, და ამ ყველაფრის ცენტრში, როგორც ფიზიკურად, ასევე მეტაფორულად მოექცა გოთური ტაძრები. ამიერიდან წამყვან ადგილს არა მონასტრები არამედ ქალაქის კათედრალური ტაძრები იკავებს. ეს არის მაღალი, ცად აზიდული ტაძრები, უზარმაზარი ფანჯრებით, მთლიანად გაფორმებული ქანდაკებებითა და ვიტრაჟებით, შეისრული თაღებითა და ვარდულებით.
პირველად გოთური სტილის ტაძრების მშენებლობა საფრანგეთში დაიწყო. სტილი სწრაფად არ გავრცელებულა, თუმცა ნელ – ნელა ფეხი მოიკიდა მთელს დასავლეთ ევროპაში. ჯერ მეზობელ გერმანიაში, შემდგომ იტალიაში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში. საფრანგეთში აიგო შარტრის, რეიმსის, ამიენისა და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრები, იტალიაში მილანის საკათედრო ტაძარი, გერმანიაში კიოლნის, ხოლო დიდ ბრიტანეთში სოლსბერის, უესტმინსტერის, კენტერბერისა და სხვ.

მიუხედავად სხვადასხვა თარიღისა და ლოკაციისა, მათ ბევრი ერთნაირი ნიშანი ახასიათებთ. ამ ტაძრებში ჩნდება ახალი საინჟინრო მიგნებები. გოთურ ინტერიერის კონსტრუქცია აგებულია მთლიანად კარკასულ სისტემაზე – გადახურვის მთლიანი სიმძიმე გადატანილია მასიურ ბურჯებზე. მძიმე კედლის გამოყენება საყრდენად აღარ იყო საჭირო და ყრუ კედელი უფუნქციოდ დარჩა, ამიტომ მთელი ტაძარი თაღებითა და სარკმლებით დაიცხრილა. ინტერიერში კი გაჩნდა ფართო, თავისუფალი სივრცე. ექსტერიერში ძირითადად აქცენტირებულია დასავლეთი მხარე. რომელსაც წარმოადგენს ორი მაღალი კოშკი და შუაში შეისრული თაღი. ზოგ შემთხვევაში გადახურვის დამჭერი კონსტრუქცია გარეთაა გამოტანილი – გარე თაღები და ბურჯები დამატებით სიმყარეს ანიჭებს კონსტრუქციას.
გოთური ტაძრები გამოირჩევა ქანდაკებების სიმრავლით. მთელი კედელი უხვად არის მორთული და არქიტექტურასთან განუყოფელ ერთიანობაში არსებობს. მოცემულია როგორც რელიეფები ასევე მრგვალი ქანდაკებები, თუმცა მეორე შემთხვევაში ის მთლიანად მიუყვება არქიტექტურულ დეტალებს (მაგ. სვეტებს) ამიტომ მათ დამოუკიდებელ ქანდაკებებს ვერ ვუწოდებთ. განსაკუთრებით გამორჩეულია დასავლეთი კედელი სადაც ქრისტეს, ღვთისმშობლისა და წმინდანების ცხოვრების სცენებია ასახული. იშვიათად მაგრამ მაინც ვხვდებით საერო პირებსაც. ამ პერიოდში ჩნდება ვიტრაჟები – მოხატული ფერადი ფანჯრები. ვინაიდან კედელი მთლიანად დაფარულია სარკმლებით, ქანდაკებებით, პილასტრებით, ბუნებრივია კედელი ვეღარ მოიხატება ფრესკებით. ის ჩაანაცვლა ვიტრაჟებზე გამოსახულმა სხვადასხვა წმინდანებმა თუ ბიბლიურმა სცენებმა. გრანდიოზული სარკმლიდან შემოსული ფერადი შუქი უერთდება ტაძრის იატაკიდან წამოსულ სიბნელეს. ისინი არა მარტო მხატვრულ ეფექტს ქმნის არამედ იდეურადაც წარმოადგენს ამქვეყნიურ სამოთხეს. ქადაგებებსა და საგალობლებში მოსმენილი სამოთხის აღწერა ახლა მორწმუნეებისვთის უცხო აღარ არის. შენობათა კედლები აღარც ცივი და უკარებაა. ისინი შედგება უზარმაზარი ფერადი მინებისგან, რომლებიც სხვადასხვაფრად ანათებდნენ.
საბოლოოდ, გოთური ტაძრების მშენებლების მიერ შემუშავებულმა სიახლეებმა – სიმსუბუქის შეგრძნება, თაღების შეისრული ფორმა, ზეატყორცნილი არქიტექტურული დეტალები, შპილები, ვიტრაჟები, საფასადო დეკორი – შექმნა მსოფლიო ისტორიაში ერთ ერთი გამორჩეული მიმართულება არქიტექტურაში, რომლებსაც დღემდე გამორჩეული ადგილი უჭირავს დასავლეთ ევროპაში. მიუხედავად იმისა რომ საუკუნეების შემდეგ ქალაქები გაიზარდა და უამრავი სტილისა და ფორმის შენობები აიგო, გოთური ტაძრებს მაინც გამორჩეული და ცენტრალური ადგილი უჭირავთ ქალაქის ურბანულ იერსახეში.