“გახლეჩილი აპრილი” – ღირსება, რომელიც კლავს

„მთიელის ერთადერთი მიზანი ცხოვრებაში ღირსების კაპიტალის დაგროვება იყო”

ი.კადარე, „გახლეჩილი აპრილი“

მთები, არ აქვს მნიშვნელობა, ჩრდილოეთ ალბანეთის იქნება თუ საქართველოსი, უდავოდ, განსაკუთრებული იდუმალებით გამოირჩევა, თუმცა რთულია დაასკვნა, რატომ – ცასთან სიახლოვის ბრალია მისტიკის მძაფრი შეგრძნება თუ ბუნებისა და ღვთაებრივი ძალის მთელი სიდიადის ხილვისა. მთიანეთის მკვიდრნი საუკუნეების განმავლობაში სამყაროსგან იზოლირებულად ცხოვრობდნენ და საკუთარ დაუწერელ მორალს – ბარში დაწერილზე მეტად მკაცრსა და დაუნდობელს – თავად ქმნიდნენ. თუმცა, ამ სისასტიკეს გამართლება ჰქონდა – საზოგადოება სხვანაირად ვერ გადარჩებოდა იმ რთულ პირობებში, მშობლიურმა მიწამ რომ „უბოძა“. სწორედ ამგვარ საზოგადოებაზე გვიყვება ალბანელი მწერალი – ისმაილ კადარე – „გახლეჩილ აპრილში“: სოციუმზე, რომელსაც უძველესი ღირსების კოდექსი, „კანუნი“, მართავს მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე – როგორც თავად წერს, ესაა „ზონა, სადაც სიკვდილის წესები სიცოცხლის წესებზე მაღლა დგას“.

credits to https://media-cdn.tripadvisor.com/media/attractions-splice-spp-720×480/0a/98/31/cb.jpg

რომანი 1978 წელს გამოქვეყნდა და როგორც მას ამერიკელი მწერალი და New York Times-ის ჟურნალისტი, რობერტ მიტგენგი აღწერდა: „გახლეჩილი აპრილი“ დაწერილია ოსტატური სიმარტივით ბარდულ სტილში, თითქოს ავტორი ამბობს: ჩუმად იჯექი და მომეცი საშუალება მოვახდინო შემზარავი ამბის ციტირება სისხლისღვრასა და თოფით სიკვდილის გარდაუვალობის შესახებ ჩემს ქვეყანაში…“

ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ჯორჯ ბერიშაა, რომელსაც ძმის სისხლის აღება ევალება, რათა დაიცვას ოჯახის nderi – ღირსება. ჯორჯი საზოგადოების ყურადღების ცენტრშია და მისი წამმზომიც ჩართულია – საგვარეულო კოშკზე, კულაზე (რომელიც ქართველ მკითხველს სვანურ კოშკს გაახსენებს), აღმართულია მისი ძმის სისხლით შეღებილი პერანგი. ამ ალამზე დამჩნეული სისხლიანი ლაქა ღირსების ლაქაა, რომელიც ბერიშების გვარს სცხია მანამ, სანამ შურს არ იძიებს ოჯახის უმცროსი მამაკაცი. ჯორჯი იძულებული ხდება, დაემორჩილოს კანუნს და ჩასაფრებული ელოდება მსხვერპლს. მოლოდინში მისი ფიქრები ყინვას ერევა, ჯორჯი გრძნობს საკუთარ საზოგადოებაში გამეფებულ გულგრილობას, რომელსაც ებრძვის და არ უნდა, ორგანიზმში გაუჯდეს სიცივე – მას ებრალება მტერი, რომელთან შუღლის მიზეზი წესიერად არც კი ახსოვს. კეთილშობილ ახალგაზრდას არ სურს სიკვდილის ფერხულში ჩაბმა და მიუხედავად იმისა, რომ მამამისმა ყველაფერი იღონა, რათა შვილს შესძულებოდა მოწინააღმდეგეთა ოჯახი, მაინც ვერაფერს გახდა, რადგან არც თავად სძულდა შვილის მკვლელი – ქვეცნობიერად მაინც ხომ ხვდებოდა და აღიარებდა, რომ დამნაშავე კანუნი იყო და არა კონკრეტული პიროვნება. პერსონაჟი გაორებულია: თუ კვლავ ვერ მოკლავს მტერს, უკვე მეორედ მოუწევს ჯარიმის გადახდა. ჯორჯი აფრთხილებს საკუთარ მსხვერპლს და მხოლოდ ამის შემდეგ ისვრის, თუმცა გაუგებარია, რატომ ანიშნებს ძმის მკვლელს სიკვდილის სიახლოვეს – ალბათ, ცდილობს გადაარჩინოს და თავადაც გადარჩეს. ყველაფერი წამებში ხდება და მკითხველი იმ ჩაკეტილ წრეში ერთვება, მთელ რომანს რომ გასდევს ლაიტმოტივად.

ჯორჯი ქვეცნობიერის კარნახით მირბის გვამთან და ცდილობს გამოაღვიძოს, გააცოცხლოს, დააბრუნოს დრო უკან და რაღაც შეცვალოს, თუმცა წილი ნაყარია და მას თავადაც უკვირს საკუთარი საქციელის აბსურდულობა. ბიჭი ადათს სრულიად გაუაზრებლად ასრულებს და ავიწყდება, რომ მოკლულს თოფი თავზე უნდა დაადოს – ის ყველაფერს რწმენის ნაცვლად ნაძალადევად აკეთებს და ორგანიზმიც ეწინააღმდეგება – გულისრევის შეგრძნება ეუფლება, შემდეგ კი უმისამართოდ გარბის, თითქოს ცდილობს, რეალობას გაექცეს.

სახლში მისულ ჯორჯს ოჯახი სიამაყით ხვდება, მაგრამ, როდესაც ბერიშა უმცროსი დის თვალებს ხედავს, იაზრებს, რომ ბავშვობა უკვე შორეული მნათობია, რომლისგანაც უძრავი და მტკიცე ბორცვი – სოციუმის მიერ დაკისრებული მოვალეობა, პასუხისმგებლობები – აშორებს. მამა აიძულებს ვაჟს, მოკლულის – ზეფ კრიუეჩუჩას – დაკრძალვაზე მივიდეს, მაგრამ კითხვას, რატომ უნდა მოიქცეს ასე, ვერ პასუხობს. ნათელი ხდება, რომ ჯორჯის გარშემო ყველა ტრადიციის ინერციას გაუაზრებლად მისცემია და ზედმეტი კითხვების გარეშე ემორჩილება უთავბოლო სისხლისღვრას. ჯორჯიც ნებდება და მიდის ზეფის დაკრძალვაზე, სადაც ორმაგად იტანჯება: უპირველეს ყოვლისა, აწუხებს ფარისევლობა, რომელსაც კანუნი ითხოვს მისგან – ისე უნდა დაესწროს დაკრძალვას, თითქოს მისი ბრალი არ იყოს ზეფის სიკვდილი. ამავდროულად ჯორჯი ხვდება, რომ აქ მყოფთაგან ერთ-ერთი მოკლავს მას და საკუთარი მსხვერპლის უკანასკნელ გზაზე გაცილებისას თითქოს თავისივე აღსასრულს უყურებს:

„ჯორჯმა თავისიანები წარმოიდგინა, როცა ისინი დაიხოკავდნენ სახეებს. შეგრძნება დაეუფლა, რომ ამიერიდან ამ ორი ოჯახისათვის ცხოვრება უსასრულო ქელეხის სუფრა იქნებოდა, რომელსაც რიგრიგობით გაშლიდნენ თაობიდან თაობაში. და თითოეული მათგანი სუფრაზე წასვლის წინ სახეზე ამ სისხლიან ნიღაბს აიფარებდა.“

კადარე კრიტიკულად აფასებს მთიელთა საზოგადოებას და მათაც მკვლელობების მთელი კასკადის თანამზრახველად მიიჩნევს. ყველას სისხლიანი ნიღაბი აქვს აფარებული და მიუხედავად იმისა, რომ არავის მოსწონს გაუთავებელი სისხლისღვრა, ვერავინ ბედავს, დაეჭვდეს კანუნის სამართლიანობაში. შეუძლებელია არ გაგვახსენდეს „სტუმარ-მასპინძელი“:

„სიკვდილი ყველას გვაშინებს,

სხვას თუ ჰკვლენ, ცქერა გვწადიან;

კაცნი ვერ ჰგრძნობენ ბევრჯელა,

როგორ დიდს ცოდვას სჩადიან.“

ერთადერთი, ვინც რაციონალურად აზროვნებს, ჯორჯის დეიდაა, რომელიც ცდილობდა აღეკვეთა ეს ყოველივე და ყველაფერი გააკეთა, რათა მოქიშპე მხარეებს ზავი დაედოთ, სისხლი გამოესყიდათ, თუმცა არაფერი გამოვიდა – სასტიკი უარი განაცხადა მოხუცმა ბიძამ, რადგან შერიგება ღირსების შემლახავად მოეჩვენა.

ჯორჯს 30 დღიანი ხელშეუხებლობა ეძლევა და ბიჭი იაზრებს, რომ ეს მისი ცხოვრების ბოლო ერთი თვეა და ვერც კი ხვდება, როგორ მოემზადოს სიკვდილისათვის. ცდილობს, დაივიწყოს კანუნი, მაგრამ ვერ იშორებს თავიდან ფიქრებს მასზე. საბოლოოდ კი, იმ დასკვნამდე მიდის და იმით ინუგეშებს თავს, რომ ვენდეტის გულისთვის სიკვდილის მოლოდინში უფრო მეტად იწყებ სიცოცხლის დაფასებას – ჯორჯი ასე ცდილობს, საკუთარი არსებობის გამართლება იპოვოს.

კადარე არც ალბანეთის ელიტისა და განათლებული ქალაქელების კრიტიკას ერიდება, რისთვისაც ნაწარმოებში შემოჰყავს ინტელექტუალთა ახალდაქორწინებული წყვილი: მწერალი ბესიან ვორფსე და მისი მეუღლე – დიანა. ამ პერსონაჟებით ავტორი ამხელს მოაზროვნე საზოგადოებას და მათ პასუხისმგებლობას აკისრებს. ორივენი ჯორჯივით აზროვნებენ, პროგრესულად უყურებენ ყველა იმ ტრადიციას, რომელსაც კადარე მათ დიალოგში აღწერს.  მოგზაურობის განმავლობაში დიანა ნელ-ნელა შორდება ბესიანს მისი ფარისევლობის გამო: მწერალი მხოლოდ სიუჟეტად აღიქვამს იმ ჩამორჩენილობას, რაც მთებში ხდება და სპექტაკლივით უყურებს ჯორჯის, როგორც თავად ამბობს – „მთის ჰამლეტის“, ტანჯვას. ინტელექტუალი, რომელიც ვალდებულია იმოქმედოს და სამშობლოს განვითარებაზე, ადამიანთა სიკეთეზე იზრუნოს, განყენებული მაყურებელივით უყურებს ყოველივეს. დიანა რაც უფრო შორდება ბესიანს მისი ლაჩრობისა და ფუჭსიტყვაობის გამო, მით მეტი სიმპათიით განეწყობა შორიდან დანახული ჯორჯის მიმართ.

ნაწარმოებში ვხედავთ, თუ რა მოაქვს კანუნს მაღალმთიანი ალბანეთისთვის: ნგრევა, სისხლისღვრა, ადამიანთა ტანჯვა და დაუმთავრებელი რეგრესი. ადამიანი აღარაფერს წარმოადგენს კანუნის აღსრულების შემდეგ, როგორც ბესიანი ამბობს, იცხოვრებს ამ ქვეყანაზე და მერე ქრება, ვერ ტოვებს კვალს, ვერ ამართლებს საზრისს. ამაში დამნაშავე კი ოროშთა გვარია – კანუნის ინტერპრეტატორები, რომლებზეც კოდექსის ძალა არ ვრცელდება. ეს უმცირესობა მალულად, კანუნის სახელით მართავს მთიელებს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ძალაუფლება არ დაკარგოს. ოროშთა გვარი და მათი ლიდერი პრინცი, მანიპულირებს მთიელთა ღირსებით და ხელს ითბობს ამ „სიკვდილის მექანიზმით“, რამეთუ ყოველი მკვლელობა ხაზინის გამდიდრების სარფიანი საშუალებაა.

ბესიანსა და დიანას გზაზე ხვდებათ ამ საზოგადოების ერთგვარი მომავალი: წაქცეული მოხუცი ქალი, რომელიც ვერ დგება და მშველელის მოლოდინში სიკვდილს ელოდება. ქალი იმ სოფელთან ახლოს წაქცეულა, რომლის 200 ოჯახიდან მხოლოდ 20 არაა ჩაბმული შურისძიების წრებრუნვაში, სხვა ყველა კი კულებშია შეკეტილი, რადგან აღარც ახსოვთ, სისხლი ასაღები აქვთ თუ გასაცემი. ხალხი იტანჯება და ერთგვარ პროტესტს აცხადებს: არ აპირებს სიკვდილს. სოფელი ცოცხალია, მაგრამ მკვდარი – სწორედ ეს არის ვენდეტის შედეგი: არსებობის აზრის მოსპობა, არაფრობისთვის ცხოვრება. ჯორჯსაც აქვს შინაგანი წინააღმდეგობა, სოფელში ჩასული ზეფის ყორღნის განადგურებაზე ოცნებობს, რადგან ეს საფლავი სისხლისღვრის ძეგლია – ფიქრობს „აი, რა დარჩება ჩემი ცხოვრებიდანო“. ჯორჯი ეძებს გამოსავალს, სურს გაარღვიოს წრებრუნვა, თუმცა ერთადერთი გზა გაქცევაა, რასაც არ (და ვერ) კადრულობს. ბიჭი გადაწყვეტს, შორიდან დანახული მშვენიერი ქალაქელი ქალის (მკითხველისთვის ნაცნობი დიანას) საძებნელად წავიდეს და მისი ნახვაღა რჩება ერთადერთ მიზნად სიკვდილის მოლოდინში.

ჯორჯი თავის გზაზე ისმენს, რომ წყლისგან მსოფლიოს გარშემო უკვე სინათლეს იღებენ და თუ სხვა გლეხები ამას ვერ იჯერებენ, ბერიშას არ ეშინია სიახლის და არც უკვირს, რომ პროგრესს ძალუძს შეუძლებელი – წყლიდან სინათლის მიღება ან კანუნის დარღვევა – შესაძლებელი გახადოს. ჩანჩქერი, რომელსაც კანუნი ვერ ეხება და ბესა (ხელშეუხებლობის აღთქმა) იცავს, იხატება წინსვლის სიმბოლოდ, რომლისგანაც დაშორებულ და დიანას ეტლს გაკიდებულ ჯორჯს საკუთარი თავი ესახება საკუთარ მკვლელად. ბერიშა, მართალია, ვერ ირგებს ალბანელი ალუდა ქეთელაურის როლს (რომელიც, მე თუ მკითხავთ, ძალიან მოუხდებოდა), თუმცა კადარე ახერხებს, ოსტატურად აღწერილი გრანდიოზული უსამართლობით იმპულსები აღძრას მკითხველში და გააჩინოს პროტესტის გრძნობა იმ დრომოჭმული და უმიზნო სისხლისმღვრელი ტრადიციების მიერ შექმნილი ჩაკეტილი წრის მიმართ, რომელსაც შემდეგნაირად აღწერდა ვაჟა-ფშაველა:

“შენ რომ სხვა მაჰკლა, შენც მოგკვლენ,

 მკვლელს არ შაარჩენს გვარია…“