“რამალა ჩემი აღარ არის. იქ ვეღარ დავბრუნდები. ქალაქი დაეცა.”
ზაფხული. 1967 წელი.
პალესტინელი მურიდ ალ-ბარღუთი კაიროს უნივერსიტეტში სწავლობდა, როცა ისრაელის სახელმწიფოსა და არაბულ ქვეყნებს შორის ექვსდღიანი ომი დაიწყო. შედეგად, იერუსალიმის აღმოსავლეთი ნაწილი, რომელსაც იმ დროს პალესტინა აკონტროლებდა, ისრაელის კონტროლქვეშ გადავიდა. სასწავლებლად წასული ალ-ბარღუთი მშობლიურ ქალაქ რამალაში ვეღარ დაბრუნდა.
ასე დაიწყო ამბავი, რომელმაც მურიდ ალ-ბარღუთი, ისევე როგორც სხვა ბევრი პალესტინელი იძულებით გადაადგილებულ პირებად აქცია.
“საკმარისია ადამიანმა ერთხელ გამოცადოს ამოძირკვა, რომ სამუდამოდ უფესვოდ დარჩეს.”
1993 წელს, ისრაელსა და “პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციას” შორის მოლაპარაკებების შედეგად პალესტინელთა ნაწილს შინ წასვლის შესაძლებლობა მიეცა. ამ ბედნიერი შემთხვევით, ზუსტად 30 წლის შემდეგ, 1996 წლის ზაფხულში, მურიდ ალ-ბარღუთმა რამალაში დაბრუნება შეძლო. ის სწორედ ამ ხანმოკლე, 12 დღიანი ვიზიტის შესახებ გვიყვება წიგნში “მე ვნახე რამალა.”
ეს არის ამბავი ხანგრძლივი განშორების შემდეგ სამშობლოსთან შეხვედრისა. შეხვედრას თითქოს ბედნიერება უნდა მოეტანა, მაგრამ თურმე დაბრუნებაც არ არის მარტივი. თურმე, “საკმარისია ადამიანმა ერთხელ გამოცადოს ამოძირკვა, რომ სამუდამოდ უფესვოდ დარჩეს.”
ეს არის ამბავი მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შესახებ, რომელიც აღარ ჰგავს იმ ქალაქს, რომელიც გახსოვს. რომლის ქუჩებშიც აღარ დადიან შენთვის ნაცნობი სახეები.
“ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა…”
სანამ საზღვარზე გადასვლისთვის აუცილებელი პროცედურები მიმდინარეობდა, მურიდ ალ-ბარღუთის მეხსიერებაში უამრავი ისტორია გაცოცხლდა, გონებაში კადრები ელვის სისწრაფით იცვლებოდა. ახსენდებოდა, როგორ ცხოვრობდა ოდესღაც რამალაში, როგორ წამებში შეიცვალა ყველაფერი, როგორ იქცა ათასობით ადამიანი უცხოდ საკუთარ სამშობლოში. ისინი უცხოები იყვნენ ყველა იმ ქვეყანაშიც, სადაც დროებით აფარებდნენ თავს.
“1967 წლიდან მოყოლებული ჩვენ ყველაფერს დროებით ვაკეთებთ – ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა. აი, უკვე 30 წელია არაფერი გარკვეულა” – წერს ალ-ბარღუთი.
აი, გადადის ხიდზე, რომელზეც ბოლოს 30 წლის წინ გადავიდა. ცოტაც და რამალაში იქნება, მაგრამ მაინც ყველაფერი ბუნდოვანია. უთხრეს, რომ დაბრუნება შეუძლია, მაგრამ ბრუნდება კი? ან სად ბრუნდება, საკუთარ სამშობლოში თუ ისრაელის სახელმწიფოში? ან, რა სტატუსით ბრუნდება – ლტოლვილი? მოქალაქე? სტუმარი? რას გააკეთებს ქალაქში, სადაც სახლიც კი აღარ აქვს? რას ნიშნავს მისი ან ნებისმიერი სხვა ადამიანის დაბრუნება?
ვინ გასცემს მას ამ კითხვებზე პასუხს?
…
“მე ვნახე რამალა” არ არის იმის შესახებ, თუ ვინ არის მართალი, და ვინ არა, ვინ არის დამნაშავე და ვინ მსხვერპლი. ეს არის ამბავი იმის შესახებ, თუ რა მძიმეა ცხოვრება კონფლიქტის პირობებში, როცა ყველაფერი თავდაყირა დგება და არაფერია გარკვეული.
“მე ვნახე რამალა” 1997 წელს გამოიცა. ავტორმა ამ წიგნით ნაჯიბ მაჰფუზის ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. ნაჯიბ მაჰფუზი პირველი არაბი ნობელიანტი მწერალია.