დღესდღეობით გლობალური დათბობისა და კლიმატური კრიზისის დროში ვიმყოფებით. სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ არტისტებისა და ხელოვანების დაფასება, რომლებიც ებრძვიან ამ პრობლემებს საკუთარი შემოქმედების დახმარებით. ზაფხულში ვენის მონახულებისას ჩემი ყურადღება მიიპყრო ავსტრიელმა არქიტექტორმა – ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერმა და მისმა გამორჩეულმა, უცნაურმა და თვალისმომჭრელმა პროექტებმა. ფოტოაპარატით გადაღებული შენობის რამდენიმე კადრს წარმოგიდგენთ და ეცადეთ გამოიცნოთ, თუ რა არის ეს შენობა.

გაგიკვირდებათ და ფოტოებზე ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანაა აღბეჭდილი. ეს ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. მასზე დაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ნაგვის ქარხანა არის იდეალური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება შენობა, რომელიც არაესთეტიკურ სამუშაოსთანაა დაკავშირებული და ხშირად ქალაქისგან შორს არის განთავსებული, იქცეს ისეთ ადგილად, რომლის სანახავად უამრავი ტურისტი ჩამოდის.
რატომ არის ჰუნდერტვასერის ხელოვნება მნიშვნელოვანი და რა იყო მისი ცხოვრების ფილოსოფია?
საკმარისია, შევხედოთ და დავაკვირდეთ მის შემოქმედებას, რომ მივხვდეთ მისი ინსპირაციის წყაროს. ამ სტატიის სათაურიც სწორედ ხელოვანის ფილოსოფიის ნაწილია: “If we do not honor our past, we lose our future. If we destroy our roots, we cannot grow.”
ავსტრიელი არქიტექტორისთვის, როგორც ეს მის სიტყვებში ჩანს, მნიშვნელოვანია ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობისა და წარსულის შენარჩუნება. ერთი წუთით რომ დავფიქრდეთ, სად ვგრძნობთ თავს ყველაზე კარგად? რა თქმა უნდა, ბუნებაში, სიმწვანესა და მცენარეების გარემოცვაში. რატომ? ეს ხომ ადამიანური საწყისია, ჩვენი სხეული მოითხოვს სუფთა ჰაერს, სიმშვიდეს. შენობები და ზოგადად ხელოვნურად შექმნილი ყველანაირი სივრცე თანამედროვეობის შედეგია. ხშირად გვავიწყდება საიდან მოვდივართ და სინამდვილეში რა სჭირდება ჩვენს სხეულსა და გონებას. ჰუნდერტვასერიც ასე ფიქრობდა, ამიტომ მის შენობებს ახასიათებთ ორგანულობა და სიმბიოტურობა, შენობები და მცენარეები ერთმანეთთანაა შერწყმული. უსწორმასწორო ზედაპირი, ასიმეტრიული და ერთმანეთისგან განსხვავებული ფანჯრები, აბსტრაქტული ფორმები – სწორედ ესაა ის ელემენტები, რომლებიც მის შემოქმედებას გამოარჩევს და აქცევს ეკო-მეგობრულობის მაგალითად. ჰუნდერტვასერი მიიჩნევა არა მარტო დაფასებულ და კრეატიულ ხელოვანად, არამედ გარემოსდაცვით აქტივისტად. სურათზე აღბეჭდილი შენობის წვლილი უდიდესია ქალაქის ცხოვრებაში. პირველ რიგში, ის ვენის პრაქტიკულობის, მდგრადობის, ესთეტიურობისა და ეკო-მეგობრულობის სიმბოლოა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 50,000 – 60,000 სახლამდე (რომლებიც მის გარემოცვაშია) უზრუნველყოფილია გათბობითა და ცხელი წყლით. გადამუშავების გარდა, ნაგვის ქარხანა ბევრ კულტურულ ღონისძიებასთან ასოცირდება, რაც კიდევ ერთხელ აქცევს მას იმის ნათელ მაგალითად, რომ ვენა ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და განვითარებული ქალაქია.
ვეცდები ჰუნდერტვასერის სახლ-მუზეუმში ამოკითხული ტექსტის შინაარსი მოკლედ გადმოგცეთ, რაც უკეთესად დაგანახებთ ავსტრიელი არქიტექტორის ხედვას, მის წარმოდგენას მომავალსა და იმაზე, თუ როგორ გარემოში უნდა ვცხოვრობდეთ და ვზრდიდეთ ბავშვებს. ჰუნდერტვასერი ამბობდა, რომ ბუნება და ხელოვნება ერთიანია, ორივე არის ქმნილება, თუმცა ჩვენ ეს ორი რამე ერთმანეთისგან განვაცალკევეთ. ჩვენი ნამდვილი გაუნათლებლობის მაჩვენებელი არ არის წერა-კითხვის არცოდნა, არამედ კრეატიულობის უნარის არარსებობა. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის განკუთვნილ არქიტექტურულ შენობებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, არის პრობლემა. ბავშვების კრეატიულობა და მათი სული და ნიჭის გამოიხატება ერთფეროვანი შენობის კედლებში. იმ ადგილას, სადაც ახალგაზრდობა ატარებს თავიანთი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს წლებს, შეუძლებელია თავისუფლების შეგრძნება და თვითგამოხატვა, რადგან ეს შენობები კონცენტრაციული ბანაკების მსგავსია. მის დაპროექტებულ სახლებსა თუ შენობებში ბავშვები იგრძნობენ პოზიტიურ, დადებით ემოციებს, დააფასებენ კრეატიულობასა და სილამაზეს და ექნებათ იმავეს გამოხატვის საშუალება. იქ გატარებული დღეები სამუდამოდ დარჩება მათ გონებაში და დადებითი ზეგავლენა ექნება მათ მომავალზე.
ვფიქრობ, ფრიდენსრაიხ ჰუნდერტვასერი არის დასაფასებელი ხელოვანი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას გამორჩეული სტილი აქვს და მისი ხელწერის ამოკითხვა საკმაოდ მარტივია, არამედ იმიტომ რომ ის იყენებდა ხელოვნებას, როგორც ხელსაწყოს, რომ ელაპარაკა ისეთ პრობლემებზე, რომლებიც დღესაც კი რელევანტურია და ითხოვს ადამიანთა ყურადღებას.
მსოფლიოს ჯერ კიდევ ბევრი უკლია ჰუნდერტვასერის ფანტაზიაში არსებულ უტოპიურ სამყარომდე, სადაც ადამიანი და ბუნება ისევე არის თანხვედრაში, როგორც უწინ, თუმცა ეს სტატიაც სწორედ იმას ემსახურება, რომ ამ მომავლისკენ სწრაფვის სურვილი გაგვიჩნდეს!