“მე რომ არ დავბადებულიყავი უკრაინელად, ქართველობას ვისურვებდი”.
ლარისა კოსაჩ-კვიტკა, ცნობილი, როგორც ლესია უკრაინკა, 1871 წელს, უკრაინაში დაიბადა. მომავალ პოეტს მშობლები ბავშვობიდან უკითხავდნენ კლასიკოსი მწერლების შემოქმედებას, განსაკუთრებით კი – ტარას შევჩენკოს პოემებს.
ლესია უკრაინკამ ცხოვრების გარკვეული პერიოდი საქართველოში გაატარა. პირველად აქ 1903 წელს ჩამოვიდა. ცხოვრობდა თბილისში, თელავში, ხონში, ქუთაისში, სურამში. მან სწორედ საქართველოში ყოფნისას შექმნა თავისი შემოქმედების მნიშვნელოვანი ნაწილი – “ტყის ზღაპარი”, “ქვის ბატონი”, “რუფინი და პრისცილა”.
პოეტს საქართველო გამორჩეულად უყვარდა. ამიტომაც ამბობდა, უკრაინელი რომ არ ვიყო, ქართველობას ვისურვებდიო.

“რა საინტერესო, რა საუცხოო მხარეა საქართველო. რა სიმამაცე და გმირობა უნდა ჰქონოდა ერთ მუჭა ხალხს, რომ გადარჩენოდა ამდენ საშინელ ქარტეხილსა და უბედურებას” – აღნიშნავდა ლესია.
ლესია უკრაინკა 1913 წელს, 42 წლის ასაკში, სურამში გარდაიცვალა. პატივისცემის ნიშნად იქ “ლესიაობა” – პოეტის დაბადების დღისადმი მიძღვნილი დღესასწაული აღინიშნება. სურამში არის ლესია უკრაინკას სახელობის სკოლა და სახლ-მუზეუმი, რომლის გახსნის ინიციატორიც გიორგი ლეონიძე იყო. მუზეუმში ნახავთ ცნობებს პოეტის შემოქმედების შესახებ, მის ხელნაწერებსა და ფოტო მასალას.
“შეუძლებელია იცხოვრო ასეთ მშვენიერ მხარეში და არ იყო პოეტი. მე დიდ მსგავსებას ვხედავ ჩემს სამშობლოსა და საქართველოს შორის” – წერდა ლესია ოჯახისთვის გაგზავნილ წერილში.
მართლაც, საქართველოსა და უკრაინას ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებს. ლესია უკრაინკა კი ამ ორი ხალხის მეგობრობის სიმბოლოა.